დღეს, 12 აპრილს, 18:00 საათზე, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმდო ფონდის ორგანიზაციის ოფისში, ფონდის ინიციატივით, წიგნის "ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება" - პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორი აღნიშნული ფონდის დამფუძნებელი და ბიზნესმენი ზაზა სიორიძეა. როგორც წიგნის ავტორი აცხადებს, ნაშრომი პირველი მცდელობაა ქართველ მამულიშვილთა ქველმოქმედებით გამორჩეული საქმიანობის წარმოსაჩენად და წარმოადგენს მცდელობას მკითხველს დაანახოს ქველმოქმედებისა და მსოფლგაგების ორგანული კავშირი, ისტორიული ფესვები, მოახდინოს წარსულისა და აწმყოს გამოცდილების ანალიზი. ნაშრომი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოვიდა და პირველ ტირაჟს უსასყიდლოდ მიიღებს მკითხველი.
წიგნი "ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება", სულ 500 ცალად გამოიცა. განმეორებითი გამოცემის შემთხვევაში, წიგნი გაიყიდება და შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. ფონდი, მომავალში, ქველმოქმედების საკითხების გაშუქების მიზნით, ჟურნალის დაფუძნებასაც გეგმავს.