საფრანგეთში ფარანჯის ტარების გამო ორი ქალი დააკავეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მუსულმან ქალებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯის ტარებას უკრძალავს.
მუსულმანი ქალების დაკავება პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან გამართული მცირერიცხოვანი დემონსტრაციის დროს მოხდა. პოლიციის განმარტებით, ერთ-ერთი ქალი ფარანჯის ტარების გამო კი არა, არამედ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.
ცნობისთვის, საფრანგეთში ორშაბათიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც ტანსაცმლით სახის დაფარვა იკრძალება. დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულია 150 ევროს ოდენობით ჯარიმა. ხოლო ნათესავებს, რომლებიც ქალებს ფარანჯის ტარებას აიძულებენ, დიდი ოდენობით ჯარიმას მიუსადაგებენ ან ორწლიან პატიმრობას შეუფარდებენ.
პოლიციას ნებისმიერი ქალის გაჩერება შეეძლება, რომლის ჩაცმულობაც კანონს არ შეესაბამება. მათ შორის, უცხოელ ქალებსაც ეკრძალებათ ფარანჯის ტარება.
პოლიციის მიერ გაცემული ინსტრუქციის მიხედვით, პოლიციამ მუსულმან მანდილოსნებს ქუჩაში ვუალის მოხდა არ უნდა მოსთხოვოს, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში უნდა მიიყვანოს, სადაც მათ სახის გამოჩენას მოსთხოვენ.