არეულობის დროს ეგვიპტის სხვადასხვა მუზეუმიდან ათასობით სიძველის ნიმუში გაიტაცეს. ამის შესახებ ქვეყნის სიძველეთა მინისტრი ზახი ჰავასი იტყობინება.
ეგვიპტოლოგის თქმით, საბედნიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანებას გადაურჩა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კულტურის ობიექტებზე თავდასხმები არაორგანიზებულად ხდებოდა.
"ძირითადად ღამით მოროდიორობდნენ. დამნაშავეთა უმეტესობას ის ადამიანები შეადგენდნენ, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლების სიახლოვეს ცხოვრობდნენ",_აცხადებს ზახი ჰავასი.
მინისტრის თქმით, ნაქურდალის სიის შედგენა გრძელდება. სიას ეგვიპტის მხარე იუნესკოს გადასცემს.
უფრო ადრე ეგვიპტის მედიასაშუალებების ყურადღება კაიროს მუზეუმების სიძველეებისკენ იყო მიმართული, სადაც მოროდიორები 29 იანვრის ღამით შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმიდან 50 ექსპონატი გაქრა, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი დააბრუნეს. ზოგიერთი ექსპონატი კი დააზიანეს, მაგალითად, ორი მუმიის თავის ქალა.
მოპარულ ნივთებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ექნატონის ქანდაკება იყო.
მარტში კაიროში ამერიკული უნივერსიტეტის საცავი გაქურდეს. მოროდიორებმა იქიდან 145 საგანი წაიღეს, რომლებიც ამერიკელმა არქეოლოგებმა ძველი ქალაქ ფუსტატის რაიონის გათხრისას აღმოაჩინეს.
9 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ კაიროს მუზეუმს კვლავაც დაკეტავდნენ, მუზეუმის დახურვა ქალაქის ცენტრში მღელვარების ახალი ტალღის აგორებით გაამართლეს. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ ექსპონატებისა და დამთვალიერებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გადაწყვიტა. კაიროს მუზეუმის გახსნის თარიღი უცნობია.