საქართველოსა და ისრაელს შორის მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობები არ არსებობს, მათ ხალხებს შორის ურთიერთობებიც აკავშირებს, რასაც ჩრდილი არ უნდა მიადგეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ისრაელსა და საქართველოს შორის ვითარების შესაძლო დაძაბვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
"მომხრე ვარ ყველა საკითხი, რომელიც ბიზნესთან თუ თაღლითობასთან მიმართებაში პრობლემას შეეხება, სამართლებრივ ჭრილში იყოს გამყარებული და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთმა საკითხებმა პრობლემა არ უნდა შეუქმნას ქვეყნების ურთიერთობას", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ფაქიზი თემაა და ორივე მხარემ, საქართველომაც და ისრაელმაც უნდა ეძებოს შეხების წერტილები, რომ ურთიერთობა არ დაიძაბოს.
"ის სტრატეგიული ხაზი, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკას, ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობებს ემყარება ჩრდილი არ უნდა მიადგეს. ამ მხრივ პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის ხელისუფლებასაც ეკისრება", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს საშიში ქვეყნების სიაში შეიყვანა. არსებული ინფორმაციით, ოფიციალური იერუსალიმის გადაწყვეტილება საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტს უკავშირდება.