მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის კორპორაციის კუთვნილ გაზეთ News of the World-ის თანამშრომელთა მიერ საუბრების მოსმენის სკანდალში სამეფო ოჯახიც აღმოჩნდა ჩართული.
"The Independent"-ის ცნობით, ჟურნალისტების "მსხვერპლი" იორსკის საჰერცოგოს პრინცი ენდრიუ და მისი ორი ქალიშვილი: პრინცესები ევგენია და ბეატრისე აღმოჩნდნენ.
გამოცემის თანახმად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამო სამეფო ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა. ამ ეტაპზე უცნობია, მიმართა თუ არა სამეფო ოჯახმა პოლიციას. თუმცა პრინცმა ენდიუმ განაცხადა, რომ "არანაირ ქმედებას არ მიმართავს".
სამეფო ოჯახის საუბრების მოსმენის ეჭვი ორი წლის წინ გაჩნდა. იმ დროს პრინცესა ევგენია თავის მეგობართან ერთად კამბოჯაში გაემგზავრა, სადაც უცნობი მამაკაცი მის გაქურდვას შეეცადა. პრინცესას პირადმა მცველებმა დამნაშავის ქმედება დროულად აღკვეთეს.
თუმცა მოგვიანებით გაქურდვის ამბები მერდოკის კორპორაცია News Internatioanl-ის კუთვნილ გაზეთ The Sun-სა და სხვა გამოცემებშიც გამოჩნდა.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამეფო ოჯახი ამ სკანდალში აღმოჩნდა ჩართული. ჯერ კიდევ 2006 წელს News of the World-ის რედაქტორმა 48 წლის კლაივ გუდმანმა სასამართლოში განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის უკანონოდ მოსმენის საფუძველზე მობილურით თავისი სტატიებისთვის ექსკლუზივს იღებდა. ამის გამო გუდმანი ციხეში ოთხი თვის მანძილზე იჯდა.
რამდენიმე დღის წინ გაზეთმა იმ რვა ადამიანს მოუხადა ბოდიში, რომლის ტელეფონებსაც უსმენდა. The Independent-ის თქმით, ამჟამად მერდოკი ინციდენტის მასშტაბის დამალვას ვერ მოახერხებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს News of the World-თან მიმართებით საქმის წარმოება არ დაუხურავს