მიმდინარე კვირას პარლამენტში, შესაძლოა, რიგგარეშე პლენარული სხდომა დაინიშნოს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ეს კვირა არ არის სასესიო კვირა, მაგრამ დღეს დილით მქონდა კონსულტაციები მთავრობასთან და მათ ითხოვეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გაიმართოს რიგგარეშე სხდომა, რადგან მომავალ კვირას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების გამო, მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარება გვიწევს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციებს კვლავ გამართავს, თუმცა ბაქრაძეს არ დაუკონკრეტებია, მთავრობამ დამატებითი სხდომის ჩატარება რა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მოითხოვოს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომავალ კვირას ერთი პლენარული სხდომა, 19 აპრილს გაიმართება, ხოლო ბიუროს სხდომა 25 აპრილის ნაცვლად, სამშაბათს, 26 აპრილს ჩატარდება.