"ქრისტიან-დემოკრატები" პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს,, სასჯელაღსრულებისა და დევნილთა მინისტრების სასწრაფოდ გადაყენებას ურჩევს. ამის შესახებ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ გასული წლის ანგარიშში ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა უმწვავესად არის შეფასებული.
"განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ორი - პატიმრებისა და დევნილების მიმართულებით. ანგარიშში საუბარია პატიმართა სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდაზე, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზე, კანონდარღვევით დევნილთა გამოსახლებაზე, არაჰუმანურ მოპყრობაზე და იძულებით გადაადგილებული პირების არაადამიანურ საცხოვრებელ პირობებში გასახლებაზე", - აღნიშნა ახვლედიანმა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატების" მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმისათვის, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სასწრაფოდ მიიღონ ამ უწყებათა ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც ქვეყნის იმიჯს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ლახავენ.
"უკვე დიდი ხანია საუბრობენ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ უმძიმეს დარღვევებზე, ვსაუბრობთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან დევნილებთან მიმართებაში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე. ანალოგიური შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს თავის ანგარიშში, რომელიც უკვე პარლამენტშია შემოსული. სწორედ ეს ორი უწყება ყველაზე მწვავედაა გაკრიტიკებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნასა და ევროსაბჭოს რეზოლუციაში", - აღნიშნა ახვლედიანმა.