"საქართველოს გზა" ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება.
რგოორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა, რეზოლუციიდან ნათლად ჩანს ევროსტრუქტურების ხედვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში, კერძოდ კი, რეზოლუცია ხაზს უსვამს პროცესის ჩიხში შესვლას, სადაც ევროკავშირის მხოლოდ ჩარევა საკმარისი აღარ არის და კონკრეტულ ზომებზეა საუბარი. "საქართველოს გზა" მიიჩნევს, რომ მხოლოდ ევროპული ინსტიტუტების გააქტიურება საკმარისი არ არის თუ არ იქნება პოლიტიკური ნება კონფლიქტის მხარეებს შორის.
"საქართველოს გზა" მიესალმება 7 აპრილს ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სადაც აღნიშნულია რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები უნდა გააქტიურდნენ არაღიარებულ რესპუბლიკებთან და გამოიჩინონ "ინოვაციური მიდგომები და პრაგმატული ინიციატივები"", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ.
მისივე განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს ცალსახად მოუწოდებს გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით გააქტიურდეს, რაც მნიშვნელოვანია.
"საქართველოს ხელისუფლებას სჩვევია მხოლოდ პიარის დონეზე სცადოს საკითხების მოგვარება და მზაობა იმისა, რომ გადადგას რეალური ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არ გააჩნია. მთავრობის უუნარობა და არაკომპეტენტურობა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, გამოჩნდა ჰააგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელითაც, მაშინ როცა სარჩელის შეტანამდე საქართველოს აღნიშნული საკითხი უნდა დაეყენებინა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტში და ამ პრობლემაზე მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა რუსეთთან" რამაც გამოიწვია საქართველოს კიდევ ერთი დიპლომატიური მარცხი , რაზეც მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ს ეკისრება", - განაცხადა მურვანიძემ.
ამასთან, მისი თქმით, თუ ხელისუფლება გააგრძელებს მხოლოდ პიარზე დაფუძნებულ "საგარეო პოლიტიკას", არ გადადგავს კონკრეტულ ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის მოსაგვარებლად, პერსპექტივა იმისა რომ აღდგეს საქართველოს მთლიანობა უფრო ბუნდოვანი და არარეალური გახდება.