"ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ აღიაროს, რომ სოფლის მეურნეობისთვის 150 მილიონი არა აქვს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა.
"პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ნათლად განაცხადა, რომ აგრარულ სექტორში სახელმწიფოს მხრიდან მოხდება დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფა და ახლა ,როდესაც მხოლოდ 9 მილიონი გამოყავით, გვეუბნებით, რომ დანარჩენ 141 მილიონს კერძო და საერთაშორისო სექტორიდან მოიზიდავთ", - მიმართა ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს ახვლედიანმა.
დეპუტატმა მოუწოდა ხელისუფლებას, კარგად გადამოწმოს, საიდან აპირებს 141 მილიონი ლარის მოზიდვას, რადგან აღნიშნულ თანხებში 15 მილიონს იაპონიიდან ელოდებიან და ისიც არ იციან, გადმოირიცხება თუ არა.
"როდესაც გვეუბნებით, ჯერ უარი არ უთქვამს იაპონიასო, იქნებ ეს მაინც გადამოწმოთ, გაძლევთ თუ არა ეს ქვეყანა თანხას, მას შემდეგ რაც იქ მოხდა", - დასძინა ახვლედიანმა.
აღნიშნულს ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იაპონიის ელჩი თავად მივიდა სამინისტროში მიწისძვრის შემდეგ და კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ იაპონია აპირებს აღნიშნული თანხის გამოყოფას.