დღეს, 8 აპრილს, პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებს. ბიუჯეტის შესატანი ცვლილებების თანახმად, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 348.8 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა აქედან ხარჯვით ნაწილს მხოლოდ 230,2 მილიონი ლარი ემატება, ხოლო დარჩენილი თანხა ხაზინაში აუკუმულირდება.
ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იცვლება 4.5%-დან 5.5%-ზე, რაც მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის დაბალი სცენარიდან - 4,5%, ქვეყანა გადადის საბაზისო სცენარზე - 5.5%.
საგადასახადო შემოსავლები 5 300 000,0 ლარიდან იზრდება 350 000,0ათასი ლარით და მისი საპროგნოზო მოცულობა განისაზღვრა 5 650 000,0 ათასი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 230 185,4 ათასი ლარით.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენი თანხები მოხმარდება ფისკალურ კონსოლიდაციას ანუ დეფიციტის გეგმაზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პარამეტრზე უფრო სწრაფად შემცირებას 4,3 პროცენტიდან 3,7 პროცენტამდე (1986 კლასიფიკაციით), რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, საფინანსო ბაზრებზე გასვლას და საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებულების უფრო მეტად შემცირებას.
ხარჯები მიიმართება შემდეგი პრიორიტეტული ღონისძიებების დასაფინანსებლად, მათ შორის: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 86 096,8 ათასი ლარით: 2011 წლის 1-ლი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის ინვალიდი პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდისთვის - 55 200,0 ათასი ლარი; სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად - 30 000,0 ათასი ლარი, ტუბერკულოზის რეგიონული პროგრამებისთვის - 896,8 ათასი ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება იზრდება 15 000,0 ათასი ლარით; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები -10 996,5 ათასი ლარით; - (ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების დასაფინანსებლად); რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისთვის დამატებით - 9 000 ათასი ლარი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი იზრდება - 48 000,0 ათასი ლარით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის.
ასევე, იგეგმება დამატებით 100,0 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რაც დაეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის წინააღმდეგ მონეტარული პოლიტიკის ეფექტურ წარმართვაში.