დღეს, 8 აპრილს, 19:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "მართვეს" კონცერტი გაიმართება. კონცერტის დასრულების შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლის ვარსკვლავიც გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობენ "მართვეს" პირველი და მეორე თაობა, ახლანდელი თაობა, ანსამბლები: "გეორგიკა~, "შავნაბადა~, "ბასიანი~, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი, მართვეს ყოფილი წევრები - ნიუ-იორკის "მეტროპოლიტან-ოპერის~ სოლისტი ზურაბ ნინუა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები ვანო გალუაშვილი და გოჩა დათუსანი. ასევე, მართვეს ყოფილი წევრების ბავშვთა ანსამბლები: "საგალობელი~- მაია მიქაბერიძე, "მძლევარი~ - კახა ონაშვილი, "ბიჭები~ - აჩიკო უშვერიძე, რომელიც ეროვნული კაპელას მთავარი დირიჟორიცაა, "პატარა გეორგიკა~ - შალვა ლორთქიფანიძე და სხვები.
ნაჩვენები იქნება ვიდეოკოლაჟი სატელევიზიო ფილმებიდან: "მღერის მართვე~ და "შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე~. კონცერტს გაუძღვებიან მართვეს პირველი თაობის წარმომადგენელი კახა გურგენიძე და ასევე, მართვეს ყოფილი წევრი ირაკლი ჩოლოყაშვილი.
დამდგმელი რეჟისორია გურანდა იაშვილი, ვიდეოინსტალაცია - ნინო ლაპიაშვილი, მხატვარი - თეა თელია, აღმასრულებელი პროდიუსერები - კახა გურგენიძე და შალვა ლორთქიფანიძე, გუნდის ხელმძღვანელი აჩიკო უშვერიძე.
ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლის დირექტორის ნათელა ჯიღაურის იდეის საფუძველზე ანსამბლი 1978 წელს შეიქმნა. ანსამბლს ტელევიზიით გამოცხადებული კონკურსის შედეგად "მართვე~ ეწოდა.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე გაიხსენებენ "მართვეს" გარდაცვლილ ბიჭებს (მათი რიცხვი 18-ია) და ერთ-ერთ ხელმძღვანელს კოტე მშვიდობაძეს.
ღონისძიებას დასწრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია და ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოფო აბულაძე.