საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთან ერთად გერმანიაში ფრანკფურტში მუსიკალურ გამოფენას დაესწრო. ვიზიტის მიზანი საერთაშორისო ბაზარზე მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში ურთიეთობების გამყარებაა.
გერმანიიდან რულოვსი პოლონეთში გაემგზავრება, სადაც 10 აპრილს კრაკოვში ვაველის საკათედრო ტაძარში ლეხ და მარია კაჩინსკების სულის მოსახსენიებელ წირვას დაესწრება და მათ საფლავს გვირგვინით შეამკობს.
11 აპრილს კი კრაკოვში მისი ავტობიოგრაფიული წიგნის "იდეალისტის ნაამბობის" პოლონურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას ეძღვნება. იგი ამავე დროს კლასიკური მუსიკის რადიო "RMF FM Classic"-სა და მუსიკალურ აკადემიას ესტუმრება, სადაც ქართველი სტუდენტებისთვის მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდიის ფარგლებში სწავლის შესაძლებლობაზე აკადემიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.
13 აპრილს ვარშავაში საქართველოს პირველი ლედი პოვონზსკის სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონში სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს და სკლადოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიის ცენტრისა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალთა საზოგადოება "ამაზონკის" მიღებას დაესწრება. ეს ორგანიზაცია რულოვსს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს. ამავე ღონისძიებაზე მარია კაჩინსკას სახელობის ეროვნული სკრინინგ ცენტრის ქართველი ექიმების "ოქროს ოტისით" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
"ოქროს ოტისის" ნდობის გაღრმავების ორგანიზაცია უკვე მეხუთე წელია სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს გამორჩეული სამედიცინო მომსახურებისთვის "ოქროს ოტისის" საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს. 2010 წელს საქართველოდან ამ ჯილდოს მფლობელი მარია კაჩინსკას სახელობის ეროვნული სკრინინგ ცენტრი გახდა, რომელიც სკრინინგ პროგრამას პირველი ლედის პატრონაჟით ახორციელებს.
საქართველოს პირველი ლედი ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში ბეთჰოვენის ფესტივალის გახსნით კონცერტსაც დესწრება.
რულოვსი საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდება.