ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი დაიღუპა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სერჟანტი ალექსანდრე კევლიშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
"სერჟანტი კევლიშვილი 4-სართულიანი ყაზარმის შენობის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ანტენის გასასწორებლად იყო ასული. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა", - განაცხადა სალომე მახარაძემ.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების წინასწარი ვერსიით, ბაზაზე ტრაგედია შემთხვევით მოხდა, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა.
"მომხდარზე საქმე უკვე აღძრულია. დაიკითხებიან სხვა სამხედროებიც", - აღნიშნა მახარაძემ.
უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპული სეჟანტის დაკრძალვის ხაჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.