ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა, სტუდენტურმა ორგანიზაცია EMSA TSU-მ, "საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან" და სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად ჯანდაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ამ დღეს 1950 წლიდან აღნიშნავს, წლევანდელ ღონისძიებას ანტიმიკრობულ რეზისტენტობას უძღვნის და მსოფლიო საზოგადოებას წამლების ბალანსირებადი გამოყენებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ჩავერთეთ ჯანდაცვის მსოფლიო კვირეულის აღნიშვნაში. დაგეგმილი გვაქვს კიდევ მრავალი საინტერესო ღონისძიება. ვახმოვანებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელ ლოზუნგს "თუ არ ვიმოქმედებთ დღეს, ვერ ვუმკურნალებთ ხვალ" და მოვუწოდებთ ყველას წამლის ბალანსირებული გამოყენებისკენ", - განაცხადა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელმა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარემ გია ლობჟანიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა, რომელზედაც თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გამგეობის წევრები მოხსენებებით წარდგნენ.
"მსგავსი ღონისძიების უმაღლეს სასწავლებელში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი მიზეზი არის ის, რომ სტუდენტები არიან ინფორმაციის მატარებლები, მეორეც - ეს არის მომავალი თაობა, რომელმაც უნდა ისწავლოს დღეს, ამისთვის კი საჭიროა სრულყოფილი ინფორმაცია და გამოცდილების გაზიარება, რასაც აღნიშნული ღონისძიება შეუწყობს ხელს", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით 11,12,13 აპრილს დაგეგმილია თემატური ღონისძიებების გამართვა. "ჯანდაცვის დღეები თსუ-ში 2011" - ამ სახელწოდებით აღნიშნულ თარიღებში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
დევიზით "თამბაქოსგან თავისუფალი სიცოცხლისთვის" თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები თამბაქოს ზიანის შესახებ ევროკავშირისა და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ, ქართულ ენაზე ნათარგმნ მოხსენებას წაიკითხავენ. ღონისძიების დასასრულს გაიმართება თემატური კინოჩვენება; 12 აპრილს დაგეგმილია ნარკომანიის თემაზე მომზადებული პრეზენტაციის გამართვა და კინოფილმის „კალათბურთელის დღიურები" ჩვენება. ტრეინინგს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები 13 აპრილს ჩაატარებენ.