კრემლი გადავიდა თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე. რუსეთი ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილის ოლეგ ფროლოვის გამონათქვამების შესახებ.
საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ცნებას „აფხაზეთის ტერიტორიული წყლები" ან „აფხაზეთის საზღვაო სივრცე", აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება (რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო კატარღების განთავსება ოჩამჩირეში რედ.) კვალიფიცირდება როგორც მეკობრეობა და მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას.
"სასაზღვრო დაცვის კატარღების ოჩამჩირის საზღვაო აკვატორიაში განთავსება კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების საშიშროებას. ეს ქმედება საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ შავი ზღვის რეგიონსა და მის მიმდებარე ქვეყნებში", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.