კახეთის განვითარების პრიორიტეტებად 2009-2014 წლებში მეღვინეობა, ვაჭრობა და ტურიზმი დასახელდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელმა სოფო ქემხაძემ რეგიონის განვითარების სტრატეგია დღეს წარადგინეს.
შეხვედრას, რომელიც სოფელ ნაფარეულში გაიმართა, საქართველოს მთავრობის, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უწყება და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო, ხოლო ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობა განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამამ რუმინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.
სტრატეგია სინქრონიზებულია საქართველოს მთავრობის 2009-2012 წლების დოკუმენტთან ”ძირითადი მონაცემები და მიმართულებები”. გაეროს განვითარების პროგრამამ აგრეთვე ხელი შეუწყო კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის პერსპექტივების კვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ამ დარგის პრიორიტეტებისა და საჭიროებების დადგენა. ”რეგიონული სტრატეგია არის ის გზამკვლევი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მოგვეცემა დავძლიოთ რეგიონში არსებული პრობლემები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ავამაღლოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე", _ განაცხადა სახელმწიფო გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა.
სტრატეგიის შემუშავებას საფუძვლად უდევს რეგიონის ფიზიკური და გეოგრაფიული გარემოს ანალიზი, მისი ინფრასტრუქტურის, შრომის ბაზრის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორების შეფასება. სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებთან ერთად, დოკუმენტი ეკონომიკის სხვა სფეროებზედაც ამახვილებს ყურადღებას. სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კახეთის თვითმყოფადობის, მისი ეკოლოგიური და კულტურული გარემოს დაცვა და შენარჩუნება. “ეს გეგმა მეტად დეტალურია და რეგიონის უმთავრეს საჭიროებებს ითვალისწინებს", _ განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელმა სოფო ქემხაძემ.
UNDP-ის დახმარება 250 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კახეთის რეგიონული ეკონომიკის განვითარებას, ბაზრისა და პროდუქციის დივერსიფიკაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.