ისრაელის ექს-პრეზიდენტს მოშე კაცავს, რომელიც ბრალდებულად იქნა აღიარებული ორ გაუპატიურებაში და სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულებებში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით პირობითი სასჯელის მოხდა და დაზარალებულებისათვის კომპენსაციის სახით 125 ათასი შეკელის გადახდა მიესაჯა.
ისრაელის მერვე პრეზიდენტი მოშე კაცავი თანამდებობიდან 2007 წლის ივნისში გადადგა, ერთი კვირის იმაზე ადრე ვიდრე მისი პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა ამოიწურებოდა.
გამოძიების საწყის ეტაპზე პრეზიდენტი კაცავი პროკურატურას გარიგებაზე დასთანხმდა: იგი აღიარებდა შედარებით მსუბუქ დანაშაულებს და მას ამის სანაცვლოდ გაუპატიურების ბრალდებას მოუხსნიდნენ. ეს პრეზიდენტს საშუალებას მისცემდა თავი აერიდებინა პატიმრობისათვის. თუმცა მოგვიანებით, მოშე კაცავმა უარი თქვა ამ გარიგებაზე და გადაწყვიტა ებრძოლა თავისი "სრული გამართლებისათვის და პატიოსანი სახელის აღდგენისათვის".
3,5 თვის წინ თელავივის საოლქო სასამართლომ პრეზიდენტი მოშე კაცავი ორ გაუპატიურებაში, არაღისეული საქციელის ჩადენაში, სექსუალურ ძალადობაში და გამოძიებისათვის ხელის შეშლაში დამნაშავედ აღიარა.
კაცავის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე ქნესსეთის დეპუტატმა ნისიმ ზეევმა მოუწოდა მოსამართლეებს არ გაეგზავნათ კაცავი ციხეში და გაეთვალისწინებინათ ის, რომ იგი მორალურად გატეხილია, ხოლო მისი რეპუტაცია განადგურებული. ამ განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, კაცავის მხარდასაჭერი განცხადებებით გავლენიანი რაბინებიც გამოვიდნენ.
დღეს კი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლე ჯორჯ კარამ მოშე კაცავის მოქმედებებს რამდენჯერ მე უწოდა "სამარცხვინო". მოსამართლემ ასევე უწოდა ექს-პრეზიდენტს "სერიული მოძალადე".
ისრაელის მიმომხილველებმა ამ განაჩენს უკვე უწოდეს "შეგარებით მსუბუქი" და აღნიშნეს, რომ გაუპატიურებისათვის, კანონმდებლობით, მინიმალურ ვადად 16 წელი ითვლება. ამასთან ერთად კაცავს გაუპატიურების ორ ფაქტში ედება ბრალი.
რადიო "კოლ ისრაელის" კორესპოდენტი სასამართლოს დარბაზიდან იტყობინებოდა, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოშე კაცავმა ტირილი დაიწყო.