"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობის მიერ პარლამენტისთვის ანგარიშის ჩაბარების ინიციატივით გამოდიან. როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდისა და ასევე პარლამენტის გავლენის გასაძლიერებლად აუცილებელია, საკანონმდებლო ორგანო არა თუ საქმის კურსში ჩააყენონ სამინისტროებმა, მთავრობამ, არამედ, პარლამენტმა უნდა შეძლოს გავლენის მოხდენა მათი პოლიტიკის ფორმირებაზე.
"როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მივმართავ, რომ იქნებ მიმდინარე თვის განმავლობაში აქტიურად შევხვდეთ მინისტრებს, მათ შორის პრემიერ- მინისტრს და ვისაუბროთ იმ თემებზე და პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ყველა სფეროში ბევრი პრობლემა დაგროვდა და აუცილებელია დეპუტატებს მინისტრებმა მათი მოგვრების ხედვა გააცნონ,
"საგაზაფხულო სამუშაოები იწყება და ამ კუთხით ბევრი პრობლემაა დაგროვილი, ასევე პრობლემების დევნილების კომპაქტური დასახლებებში და ამ საკითხზე შესაბამისი მინისტრთან დებატების საშუალება არ გვეძლევა, რომ გავიგოთ როგორ აპირებს მათ მოგვარებას. გარდა ამისა, მთავრობის თითქმის ყველა სფეროში დინამიურ პროცესებს ველით, რომ ქვეყანამ თავის დააღწიოს ეკონომიკურ კრიზის და იმ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში დაგვიდგეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, თარგამაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძემ თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები მთავრობასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაიწყოს.
"შეგვიძლია შემდგომში გავაგრძელოთ საუბარი და ჩამოვყალიბდეთ რა ფორმას მივცემთ მინისტრების პარლამენტში მოსვლას, რადგან სამთავრობო საათის პროცედურით დიდხანს გაგვეწელება", - აღნიშნა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა.