„ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართვა გადასცეს. მიმართვაში საუბარია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
„მოგიწოდებთ გამოხატოთ პოლიტიკური ნება და მზაობა, გადადგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული წინადადებები შევიდეს "საარჩევნო კოდექსში". ღრმად ვართ დარწმუნებულნი, ეს ცვლილება დაუბრუნებს ამომრჩევლებს არჩევნებისადმი ნდობას, რაც უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის განვითარებისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ გეყოფათ პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილებების მისაღებად", - ნათქვამია მიმართვაში.
„საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული, როგორი ფორმით გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, მიიღოს ისეთი კანონი, რომლითაც იგი ჩადგება პატიოსანი კონკურენციის პირობებში არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტთან. ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებების ჩვენი ხედვა წარვადგინეთ, ეხლა ჯერი ხელისუფლებაზეა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ"ს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
მიმართვას ხელს აწერენ თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმის. რესპუბლიკური პარტიის, საქართველოს გზის, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის, თავისუფალი საქართველოს, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, ქართული დასის, ჩვენ თვითონ, ქალთა პარტიის, სოციალ დემოკრატიული პარტიის, ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები.