აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები 7 მარტიდან სამსახურებრივ მოვალეობას ახალი მანქანებით შეასრულებენ. „Škoda"-ს ფირმის ავტომანქანები, Škoda Fabia, Škoda Octavia და Škoda Roomster-ი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტენდერის შედეგად შეიძინა. სულ შეძენილია 35 ავტომანქანა.
დღეს, 7 მარტს, 11:00 საათზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე - ნიკა მელია და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები შეძენილ მანქანებს დაათვალიერებენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი მანქანები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სააღსრულებო ბიუროებში გადანაწილდებიან.
ახალი ავტომანქანებით მომარაგება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებს მუშაობის პირობებს გაცილებით გააუმჯობესებს: უზრუნველყოფილი იქნება აღმასრულებლების უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც მათი სამუშაო დროის დაზოგვასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.