დღეს, 7 მარტს, "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" წევრები პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე მიმართვას პარლამენტში შეიტანენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს, "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" მიმართვას თავდაპირველად პარლამენტის შენობის წინ, დღეს 12:00 საათზე საზოგადოებას გააცნობენ.
მიმართვაში ახალგაზრდები დავით ბაქრაძეს მოუწოდებენ, რომ მან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, რომელმაც უნდა მიიღოს ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში", გამოხატოს პოლიტიკური მზაობა, გამოიჩინოს გამბედაობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დათანხმდეს "საარჩევნო კოდექსში" რეალური ცვლილებების შეტანას.
"სწორედ ამ ცვლილებებმა უნდა დაუბრუნონ მოსახლეობას არჩევნების რწმენა. ამ ცვლილებებმა, ერთი მრივ, ქვეყანაში უნდა დაასრულოს უსამართლო და გაყალბებული არჩევნების ჩატარების სამარცხვინო პრაქტიკა, ხოლო მეორე მხივ, ქვეყანას მისცეს შანსი, რევოლუციური რყევებისა და კატაკლიზმების გარეშე, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გზით განაგრძოს განვითარება. საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, საზოგადოებაში არსებული უსამართლობისა და დაუცველობის განცდა და ამ ფონზე ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებები ერთიორად ზრდის უმართავი პროცესების დაწყების რისკს, რაც ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ხელისუფლების ცვლილება, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ ვითარებიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი არის სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, რაც მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების ერთადერთი მყარი გარანტია ოპოზიციის მიერ შემუშავებული ინიციატივაა", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 11 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია: "ახალგაზრდული ფორუმი"; "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"; "საქართველოს გზა"; "თავისუფალი საქართველო"; "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; "ქართული დასი"; "ჩვენ თვითონ"; "სოციალ-დემოკრატიული პარტია"; "ქალთა პარტია"; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".