სლოვაკეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ძურინდათან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომელიც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
"სლოვაკეთმა დადასტურა მხარდაჭერა ჩვენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკაშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. ამასთან, ყურადღება გაამახვილდა რუსეთის ფედერაციის იმ უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედებებზე, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით თანამედროვე, შეტევითი ტაქტიკური რაკეტების შეტანა", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC )ფარგლებში გამართულ სესიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, სადაც მსჯელობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" განხორციელების პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე გაიმართა.
განსაკუთრებული ყურადღება კი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიმდინარე სტრატეგიული გადახედვას დაეთმო. გამომსვლელებმა მიმოიხილეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის განვითარების პერსპექტივები და პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა.
ხაზგასმით იქნა აღნიშნული რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინდივიდუალურად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფებების აღიარების აუცილებლობაზე.