სატყეო სააგენტო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემადგენლობაში ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
"სატყეო სააგენტო, როგორც გადაწყვეტილი იყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცემა, მაგრამ მის შემადგენლობაში შევა ცალკე დეპარტამენტად და მის მუშაობაზე დარგობრივი კონტროლი განხორცილდება", - აღნიშნა ხუროშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები ენერგეტიკის სამინისტროსთვის ტყეების გადაცემას საფრთხედ აფასებენ და აცხადებენ, რომ ის გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში უნდა დარჩეს.
აღნიშნულ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობა და მიიჩნევს, რომ "გარემოსთვის ტყე ჟანგბადია, ხოლო ენერგეტიკისთვის - შეშა. საკითხის ასე მიდგომა კი საქართველოს ტყეებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის".
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს პარლამენტი მომავალ კვირას მეორე მოსმენით განიხილავს. როგორც ცნობილია რეორგანიზაციის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი ჩამოერთვა და ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, შესაბამისად ხეთაგურის უწყებას სახელი შეეცვლება და მას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქმევა.