ცხინვალში საგაზაფხულო გაწვევის წვევამდელების საზეიმო ფიცის დადება გაიმართა. ცერემონიას ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მიუხედავად ახალგაზრდობისა თქვენ თქვენს მხრებზე გადაიტანეთ საქართველოს ვერაგული აგრესია, რომელიც მან ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ განახორციელა. თქვენ იცით თუ რა სისხლიანი იყო ეს ომი. თქვენ მოწმე ხართ იმისა, რომ ჩვენი მამაცობისა და რუსეთის განუზომლად დიდი დახმარების გამო როგორ შევძელით გაძლება და თავისუფლებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება", - განაცხადა კოკოითმა ფიცის დადების ცერემონიალზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ოს სეპარატისტებს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების ახალი გეგმები აქვს.
ამასთან ერთად, ოს სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ მომავალშიც ქვეყნის ე.წ. შეიარაღებული ძალების განვითარებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
"მომავალშიც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამტკიცებას და მათი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო საზღვრის დაცვას რუს სამხედროებთან ერთად", - განაცხადა ედუარდ კოკოითმა.