ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა უშედეგოდ დასრულებულ რაუნდზე, ოსი სეპარატისტები "ძალიან საინტერესო" ინიციატივით გამოვიდნენ. კერძოდ, მათ შეიტანეს წინადადება რუსეთის წარმომადგენელი შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებს ამჟამად სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლების სახით.
ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მოლპარაკებებზე თავისი ინიციატივის მიზეზის ახსნისას განაცხადა: - "რუსეთის ძალისხმევითა და სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით მოხერხდა 2008 წლის აგვისტოს ომის შეჩერება, ამიტომაც სრულიად მიზანშეწონილი იქნება თუკი რუსეთი თანათავმჯდომარის რანგში იქნება".
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხერეთი ოსეთის ტერიტორიაზე.
მოლპარაკების მე-15 რაუნდი ჟენევაში გუშინ, 4 მარტს გაიმართა. მასში თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ასევე ვაშინგტონის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნე. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების დამატებით მექნიზმებს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, დევნილების დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვაყურეთა დაშვების საკითხები განიხილეს.