ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმება შეძლეს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი შეხვედრის თარიღის დანიშვნა იყო. შეთანხმების მიხედვით ჟენევაში საერთაშორისო მოლპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 6-7 ივნისს გაიმართება.
ამასთან ერთად, მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ არ აძლევს საქართველოს იურიდიულად გამყარებულ გარანტიებს თავდაუსხმელობის შესახებ, იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვას ხელს ვერაფერი შეუშლის. ეს განცხადება ჟენევაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს მთელი ამ ორნახევარი წლის განმავლობაში არსებული ერთადერთი მექანიზმია, რომელიც რეგიონში პროგნიზირებადი სიტუაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ალტერნატივა მსგავსი შეხვედრისა სადაც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საკითხების განხილვა შეუძლიათ არ არსებობს, მიგვაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ რეგიონში სტაბილურობა სუფევდეს", - აცხადებს გრიგორი კარასინი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხერეთი ოსეთის ტერიტორიაზე.
მოლაპარაკების მე-15 რაუნდი ჟენევაში გუშინ, 4 მარტს გაიმართა. მასში თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ასევე ვაშინგტონის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნეn. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების დამატებით მექნიზმებს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, დევნილების დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვაყურეთა დაშვების საკითხები განიხილეს.