ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" კუთვნილი მეოთხე სამხედრო ქალაქი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. რუსეთის საოკუპაციო ჯარის აღნიშნული ობიექტი ზნაურის რაიონში გაიხსნა. სამხედრო ქალაქის გახსნას ს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი, მისი კრიმინალური ე.წ. მთავრობის წევრები და რუსეთის საოკუპაციო ჯარის წამომადგენლები ესწრებოდნენ.
"რუსული მხარე სრულად ასრულებს თავის თავზე ნაკისრ ვალდებულებებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებში, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში არამედ მთლიანად მთელს კავკასიაში", - განაცხადა გახსნისას ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედიარდ კოკოითმა და დასძინა, რომ რუსი სამხედროების წყალობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკვე მესამე წელია "მშვიდი ცხოვრებით" ცხოვრობს.
ცხინვალის რეგიონში სულ 19 ასეთი სამხედრო ქალაქი უნდა აშენდეს, ხოლო ცხინვალში უნდა დაარსდეს სასაზღვრო სამმართველოს კომპლექსი. ყველა მათგანის აგება მიმდინარე წელს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბემ" უკვე სამი ასეთი სამხედრო ქალაქი გახსნა. რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 9 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გაიხსნა. მეორე სამხედრო ქალაქი 2011 წლის 21 თებერვალს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში დაარსდა. მესამე მიმდინარე წლის 2 მარტს სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში გაიხსნა. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 17 ასეთი ქალაქის აგებას გეგმავს.