გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთის რეგიონს სტუმრობდა. მინისტრი საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
"სამწუხაროდ, იმ პრობლემების გამო, რომელიც მთელ მსოფლიოშია შექმნილი, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველა პრობლემა ერთად მოვაგვაროთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავიდეთ რეგიონებში, სოფლებში და გავიგოთ ჩვენი მოსახლეობისგან, რა პრობლემებია მათი აზრით უფრო სწრაფად მოსაგვარებელი," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელში არსებული სხვადასხვა პრობლემები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება სარწყავი არხებისა და გაზის გაყვანილობის საკითხებზე გაამახვილეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან იმ საკითხების დეტალურად გარკვევას, რაც მოსახლეობას აწუხებს. გოგა ხაჩიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებს.