"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მისმა მხარდამჭერებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთმა ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატმა" ალექსანდრე სახელაშვილმა განუცხადა, ისინი საპყრობილეებში პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ.
"ცოტა ხნის წინ ხათუნა კალმახელიძის უწყებას წერილი გავუგზავნეთ, სადაც კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, საუბარი იყო ციხეებში მსჯავრდებულთა გაუსაძლის მდგომარეობაზე. ზოგიერთი საპყრობილე, მაგალითაც, ბათუმისა და ზუგდიდის ციხეები არ ექვემდებარება არანაირ საერთაშორისო სტანდარტს, ისინი დასახურია - პატიმრებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა, მორიგეობით ძილი... ამას ემატება ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი, რის ქვეშაც ისინი იმყოფებიან", - განმარტა სახელაშვილმა.
მისივე განმარტებით, ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატები" პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით"ბრძოლის გააქტიურებას" გეგმავენ, რის ფარგლებშიც ინტერნეტკამპანიაც დაიწყო.
"ჩვენ "facebook"-ში გავხსენით ჩვენი გვერდი და დავიწყეთ კამპანია, სახელწოდებით "არ შეაქციოთ ზურგი პატიმრებს", - დასძინა მან.