ხვალ. 5 მარტს, 13.00 საათზე ირაკლი ალასანიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, „ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები" სასჯელთაღსრულების სამინისტროსთან გამართავენ აქციას, სადაც გააპროტესტებენ პეტინენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას.
„ჩვენ, 2010 წლის 20 ოქტომბერს წერილობით მივმართეთ მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს დაინტერსებულიყო საპატიმროებში, პატიმართა წამების ფაქტებით, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, რომელიც მოგვაწოდეს პატიმართა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა, ასევე ყოფილმა პატიმრებმა, საპატიმროებში ვითარება არ შეცვლილა", _ აცხადებს ახალგაზრდა თავისუფალი დეომოკრატების თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
მისივე თქმით, პატიმართა ყოფა არის გაუსაძლისი, რასაც ემატება მათ მიმართ საპატიმროების ადმინისტრაციების მხრიდან მუდმივი ზეწოლა და ფიზიკური ანგარიშსწორება.
„ჩვენ, ახალგაზრდა თავისუფალმა დემოკრატებმა გადავწყვიტეთ დავიწყოთ ინტერნეტკამპანია სახელწოდებით „არ შეაქციო ზურგი პატიმარს", აღნიშნული სათაურით სოციალურ ქსელ facebook-ში გახსნილია გვერდი, სადაც თავს მოვუყრით ყველა ფაქტს რომელსაც მოვიპოვებთ პატიმრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ აქციით გვინდა, რომ საზოგადოება დაინტერესდეს პატიმრების მდგომარეობით და ერთად გავაპროტესტოთ არაადამიანური პირობები რომელიც საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში. ვეცდებით ინტერნეტკამპანია იყოს ეფექტური და ამით დავაინტერესოთ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები"-აცხადებს ღლონტი.