მოძრაობა " მამული, ენა, სარწმუნოება" დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 35 ლარის ოდენობით გადასახადის დაწესებას აპროტესტებს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაშიც პიროვნება კონკურსში ვერ ჩაერთვება.
მოძრაობის წევრთა თქმით, საეჭვო კონკურსში მონაწილეობის მისაღEბად დაწესებული 35 ლარის გადასახადი ხალხის რეკეტია. ეს მაშინ, როცა კონკურსში გამარჯვება მხოლოდ ცოდნაზე არ არის ორიენტირებული.
"მიგვაჩნია, რომ ეს ისევ და ისევ ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთი ხრიკია. საერთოდ, ვის გაუგია სახელმწიფო აცხადებდეს ფასიან რეგისტრაციას ვაკანსიაზე,"- განაცხადა მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნოების" ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა.
ამასთან, სადღობელაშვილის აზრით, მხოლოდ უმაღლესი განათლება დირექტორად გახდომისთვის საკმარისი პირობა არ არის. სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ დირექტორს აუცილებლად სჭირდება შესაბამისი მენეჯერული უნარ-ჩვევები, გამოცდილება-კვალიფიკაცია პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ამასთან, იგი უნდა იცნობდეს მოზარდის ფსიქოლოგიას.
„თუ ადამიანს სკოლაში მასწავლებლად არ უმუშავია, იგი ვერ მიხვდება, თუ რა უჭირს სკოლას, მოსწავლესა თუ მასწავლებელს"-აღნიშნავს ლადო სადღობელაშვილი.
მოძრაობა " მამული, ენა, სარწმუნოების" წევრები რეკომენდაციით მიმართავენ განათლების სამინისტროს, გადახედოს ყველა უპასუხისმგებლო და უტიფარი რეფორმები და შეწყვიტოს საქართველოს ახალგაზრდების მიზანმიმართული დეგრადირების მცდელობა.
შეგახსენებთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება, სადაც ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პიროვნებას აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა.