პირველად საქართველოს საბანკო სექტორში, "პროკრედიტ ბანკი" ახალკურსდამთავრებულებს "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამას" სთავაზობს, რომლის მიზანია, ნიჭიერ ახალგაზრდებს საბანკო საქმიანობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, დაეხმაროს.
პროგრამა მონაწილეებს თავიანთი ცოდნისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას, ასევე "პროკრედიტ ბანკში" დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა" 15-20 მონაწილეზეა გათვლილი და 6 თვიან კურსს მოიცავს, რომელიც თბილისში ჩატარდება. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ბანკის მუშაობის სპეციფიკას და იმ გარე თუ შიდა ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მის საქმიანობაზე. თეორიული კურსის ბოლოს მონაწილეები გაივლიან პრაქტიკას ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისის სხვადასხვა განყოფილებაში.
პროგრამის დასრულებისთანავე საუკეთესო კანდიდატები, მათი უნარ-ჩვევებისა და ინტერესების გათვალისწინებით, დასაქმდებიან "პროკრედიტ ბანკში". დანარჩენ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამის მსვლელობისას მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ხოლო რეგიონების წარმომადგენლებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.
"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" კანდიდატები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან, რაც კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების გავლას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები