დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში 1937-1939 წლებში განხორციელებულ რეპრესიებს მიეძღვნა.
რეპრესიების პერიოდის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების დამუშავება-გაანალიზება, რეპრესირებულთა ოჯახის წევრებთან ინტერვიუები, ე.წ. "ტროიკების" მუშაობის პრინციპი და შედეგები და სხვა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის ომარ თუშურაშვილი აცხადებს, "შსს-ს არქივში საბჭოთა კავშირის დროინდელი უშიშროების და პარტიული ორგანოების არქივებია გაერთიანებული. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რათA რეპრესიების დროინდელი პერიოდის ძირფესვიანად შესასწავლად საძიებო და კვლევითი სამუშაოები ჩატარდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 1991-1992 წლების მოვლენების დროს განადგურდა არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი."
"პროექტის მიზანია ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის ამომწურავი მასალის მიწოდება, საზოგადოებისათვის უცნობი ფაქტების სამზეოზე გამოტანა. ამ საქმეში ჩართული მკვლევარები კონფერენციაზე ერთმანეთს გავაცნობთ კვლევის შედეგებს და ახალ მასალებს. საბოლოოდ კი მონოგრაფიის გამოცემას ვგეგმავთ", - აღნიშნა თსუ-ის პროფესორმა დალი კანდელაკმა.
მონოგრაფია, სახელწოდებით "ბოლშევიკური წესრიგი" წლის ბოლოსთვის გამოიცემა.
ცნობისთვის, "ფოლკსვაგენის" ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. მისი მიზანი რეპრესიების პერიოდის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მასალების მოძიებაა.