გაერო საქართველოს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის დროულად შემუშავების რეკომენდაციას აძლევს. რეკომენდაციები გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებულ წლიურ ანგარიშშია დაფიქსირებული.
რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების ფართო გავრცელება - მათ შორის, ე.წ. კუსტარული და ფარმაცევტული ხასიათის სტიმულატორების გამოყენება - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რი კონტექსტშიც ქვეყნის ხელისუფლებას ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა მხოლოდ ძალოვანი პოლიტიკით ვერ იქნება ეფექტური.
"დაბალანსებული ეროვნული ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემუშავება, კონტროლის გამკაცრება იმ ფარმაცევტულ საშუალებებზე, რომლებიც ნარკომომხარებლების მიერ გამოიყენება, პრევენციული სამუშაოების გატარება, ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაცია" - ეს ის რეკომენდაციებია, რომელთაც გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრის ანგარიშში მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოების, გავრცელებისა და მათზე კონტროლის მექანიზმების 2010 წლის მდგომარეობაა ასახული. გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრის სპეციალური მისია საქართველოს გასული წლის ივლისში სტუმრობდა.