აშშ-ში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონია თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში გაიმართა. ახალი ელჩი თეთრ სახლში, ამერიკული ტრადიციის მიხედვით, ოჯახთან ერთად მივიდა.
ბარაკ ობამამ და თემურ იაკობაშვილმა სიგელების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ რამდენიმე წუთიანი შეხვედრაც გამართეს. ობამამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა: - "მე მელოდები თქვენთან თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის ისედაც ახლო ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დამყარებული. საქართველომ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების ვარდების ისტორიული რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მომავალშიც დაეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკური კავშირების გაძლიერებაში", - ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც ბარაკ ობამამ რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ ელჩს გადასცა.
წერილში ობამა მადლობას უხდის საქართველოს, როგორც ფასეულ პარტნიორს, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისათვის.
"პრეზიდენტმა აღნიშნა მისი ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან და სასაცილოდ ნუ ჩათვლით, მაგრამ მართლა თქვა, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია". ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია ხელმოწერილი ქარტიის ცხოვრებაში გატარება და ყველაფერ იმის განხორციელება, რაც იქ წერია, რათა ეს არ დარჩეს მხოლოდ პირობად და ქაღალდზე დაწერილ ტექსტად. ამის საკმაოდ კარგი წინაპირობაა და მე ვფიქრობ, რომ იქ ყველა თემა ამის მოცემული, როგორც ეკონომიკური ურთიერთობები, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობები და დემოკრატიის განვითარება", _ განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-სა და კანადაში თემურ იაკობაშვილმა.