ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა. მიწისძვრამ ასობით სახლი დააზიანა ან მთლიანად დაანგრია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
7-მაგნიტუდიანი მიწისძვრა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:33 საათზე, ტიბეტის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაგჩუს რეგიონში მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის კერა ნაგჩუდან დაახლოებით 191 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა, კერა კი დაახლოებით 18 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 339 სახლი და 20 პირუტყვის სადგომი ჩამოინგრა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაზარალებულ რაიონებში კომუნიკაციის შეფერხებაც დაფიქსირდა, ხოლო უსაფრთხოების მიზნით რკინიგზის მოძრაობა დროებით შეჩერდა. კლდის ჩამოშლის გამო საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთიც ჩაიკეტა.
ადგილზე სამაშველო და დახმარების ოპერაციებში 1 600-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ხელისუფლების ცნობით, 12 000-ზე მეტი მცხოვრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დაზარალებულ რეგიონში ჩაიტანეს დროებითი საცხოვრებლები, კარვები, საწოლები და ზამთრის ტანსაცმელი. მომდევნო დღეებში რეგიონში თოვლია მოსალოდნელი, რაც სამაშველო სამუშაოები, შესაძლოა, გაართულოს.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შესაბამის უწყებებს სამაშველო და სამედიცინო დახმარების გაწევის მაქსიმალური ძალისხმევისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ ჩინეთის მიწისძვრების ქსელის ცენტრმა 413 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირა. ეს ჩინეთში 2024 წლის იანვრის შემდეგ მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა