გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრი გოგა ხაჩიძე „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) პრეზიდენტს იოლანდა კაკაბაძეს შეხვდა. შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავაც დაესწრო.
წარმოშობით ქართველმა, მსოფლიო დონის გარემოსდამცველმა იოლანდა კაკაბაძემ გოგა ხაჩიძეს ახალ შეთავაზება გააცნო. ქალბატონი იოლანდა საქართველოს სთავაზობს, გახდეს თEEB (ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა) საპილოტე ქვეყანა და ამისთვის ახალი პროექტის განხორციელების ინიციატივით გამოდის. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ბრაზილია, იაპონია და ინდოეთი უკვე გამოთქვეს მზადყოფნა გახდნენ TEEB-ის საპილოტე ქვეყნები.
„მაქვს ახალი ინიციატივა, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროქტი. ის მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვა და ახალი მწვანე ეკონომიკის განვითარებას. მე როგორც ქართველს მაქვს განსაკუთრებული ინტერესი სამინისტროსთან შეთანხმებას მივაღწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ამ პროგრამის საპილოტე ქვეყანა." - განაცხადა WWF -ის პრეზიდენტმა იოლანდა კაკაბაძემ.
კვლევა - TEEB (ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა) ინიცირებული იქნა გერმანიის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ. ეს დამოუკიდებელი შეფასება გაეროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ევროკომისიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. თEEB-ის პირველ ფაზაში მომზადდა შუალედური ანგარიში, რომელმაც მკაფიოდ დაადასტურა სიღარიბისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების ურთიერთკავშირი.
„ჩვენ, ქართველებს მასზე დიდი ლობისტი მსოფლიოში გარემოს დაცვის სფეროში არ გვყავს. ჩვენს სამინისტროში მისი ვიზიტის მიზანი კონკრეტულია, არის განსახილველი საკითხები. კარგად უნდა შეფასდეს ის შესაძლებლობები რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. პროექტში ჩართვის შემდეგ საქართველოს მეტი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა გაუჩნდება." -განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
საქართველოში TEEB-ის პროექტიის განხორციელების შედეგად შეფასდება ბიომრავალფეროვნების კარგვის სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე. ასევე, შეფასდება ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც სარგებლობენ ეკოსისტემური მომსახურებებიდან (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ეკო-ტურიზმი) და ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბიომრავალფეროვნებაზე (მაგალითად მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, როგორც დამაბინძურებლები). საბოლოოდ, პროექტის შედეგები ამაღლდება რეგიონული მმართველობის შესაძლებლობები და საქართველოს ექნება TEEB ეროვნული ანგარიში.