"აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროცესის შეჩერებას ითხოვს.
აღნიშნული კანონპროექტი ეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის საკითხებს.
მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველი საქართველოს მთავრობის მიერ ორჰუსის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაა, რომელიც ადგენს ხელისუფლების ვალდებულებას აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მთავრობამ აღნიშნული ცვლილებების პროექტი ყოველგვარი წინასწარი განხილვების, დასაბუთების, შედეგებისა და რისკების შეფასების გარეშე მოამზადა და საქართველოს პარლამენტის გუშინდელი ბიუროს სხდომაზე გაიტანა.
ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც დაგეგმილი ცვლილებები კრიტიკულად და დაუშვებლად შეფასდა.
დღეს, 23 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის მოთხოვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დასმულ მწვავე საკითხებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი უპასუხებს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრიც არის მოწვეული.
როგორც ირკვევა, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრას საპარალმენტო კომიტეტმა გაფართოებული სხდომა დაამთხვია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოთხოვნით, ამან არ უნდა შეცვალოს შეხვედრის ფორმატი და ხელისუფლებისათვის კითხვის დასმის საშუალება ყველა მსურველს უნდა მიეცეს.
როგორც საქართველოს პარლამენტის გუშინდელი ბიუროს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს პროექტს გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე პროექტებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და გაზის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოს დაცვის ინსპექციის, გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, საქართველოს ტყის კოდექსის და სხვა საკანონმდელო აქტებში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.