ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე ომის დაწყებიდან რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი მზადდება. ამის შესახებ Reuters წერს.
„ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირად დაუჯდა. მათ რუსეთის სამხედრო მანქანას 1 ტრილიონ ევროზე მეტი (1,16 ტრილიონი დოლარი) დააკარგვინა. შემოდგომისთვის კი ომის დაწყებიდან სანქციების ყველაზე მასშტაბურ ჩამონათვალს წარვადგენ“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ახალი ზომების მიღების შემთხვევაში, სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა მესამედით გაიზრდება. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს ვიდრე ის ომს არ დაასრულებს.
კალასს ახალი პაკეტის კონკრეტული ზომებისა და მისი დამტკიცების ზუსტი ვადების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც, მათ შორის, რუსეთის საბანკო სექტორსა და კრიპტოვალუტის ქსელებს შეეხო.