მინდა საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს ვკითხო: ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
"საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო: ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით შემთვევით?! ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთანხმება? გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? - ეს მითოლოგია არ არის, ეს ნამდვილი ამბავია! ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში? - შემთხვევით ეს ჩვენ ხომ არ ვართ?! უკვე ათწლეულებია, რაც იქიდან ქართველები ვართ გამოყრილი, დახოცილები, სახლ-კარ წართმეულები. რასაც დღეს ვიტანთ, არის აუტანელი და ამის ატანა მეგობრებო არ შეიძლება.
მინდა ვიკითხო, ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში ანი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს? ვის აქვს გარანტია იმისა, რომ იქ სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსეთის სამხედრო მანქანებში არ ჩაისხმება? ამ ბენზინის თითოეული წვეთი უდრის უკრაინელების დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთს. ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში. თუ ეს არის ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთისთვის, რატომ არ კეთდება იმის სანაცვლოდ, რომ გალში ქართული ენის სწავლა აღდგეს, სადაც ქართველებს ქართველობას სწორედ ამ გზით აკარგვინებენ?
კითხვები რიტორიკულია, თუმცა მათზე პასუხებს მაინც მოვისმენთ. მთავარი კითხვები გვაქვს ერთმანეთთან - რატომ ითმენთ ეროვნული სუვერენიტეტის ნამდვილ დაკარგვას და არა ევროკავშირის მიერ მის წართმევას, რაც არის ტყუილი. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი, მშვიდობიანი გზა არის ევროკავშირის წევრობა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაინტერესება, რომ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფოს ნაწილი გახდნენ.
სინამდვილეში ხელისუფლება არის მოღალატე. ის ხელისუფლებაც არ არის - არის ძალაუფლების მიმთვისებელი რეჟიმი. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე და რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ კატასტროფები, რასაც აკეთებდნენ. ოღონდ ამ კატასტროფებისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ და რეჟიმი უნდა გასამართლდეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.