"აშშ-ის მიერ საქართველოს კონფლიქტებისადმი უფრო ინიციატიურ დამოკიდებულებაზე", _ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული " center for american progress "-ი რომელშიც ამერიკული პროგრესის ცენტრის დირექტორის მოადგილე რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ცენტრის ნაციონალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის თანამშრომელი სემუელ ჩარაპი და ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კორი უელტი საუბრობენ საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე და მათ გადასაჭრელად აშშ-ის მიერ გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯების ჩამონათვალს აკეთებენ.
"საქართველო ორი ურთიერთგამომრიცხავი არჩევნის წინაშე დგას. პირველი ვარიანტი: საქართველო გახლეჩილი ბერლინის თანამედროვე ვერსიაა. კონფლიქტები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაშია, კავკასიაში ცივი ომის ხარისხში განიხილება, სადაც კომპრომისი იმთავითვე გამორიცხულია. კონფლიქტი ამ ვარიანტში მხოლოდ მაშინ იმუხტება, როდესაც მეორე მხარე თმობს. მისი მოქალაქეები ანგრევენ და ანადგურებენ ხელოვნურად აღმართულ კედლებს და წინააღმდეგობებს. მთავრობა თვითლიკვიდირდება თავისი მფარველისა და დამცველის შესუსტების გამო. სამწუხაროდ, ამ სიტუაციის საქართველოს კონფლიქტური ზონებისთვის მორგება ნაკლებსავარაუდოა ყველაზე შორეულ პერსპექტივაშიც კი. მაშინ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის (რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა და კიდევ სამმა ქვეყანამ აღიარა) მცხოვრებლებს რაღაც მაგიური ძალით მოუწევთ, გადალახონ წყენა და უკმაყოფილება, რომელიც ქართველებთან 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დაუგროვდათ. მათ ასევე მოუწევთ საქართველოს მთავრობის თავიანთ მთავრობად აღიარება და უარის თქმა დამოუკიდებლობასა და თვითმმართველობაზე. ამიტომაც თუკი ბერლინის შემთხვევაში წინააღმდეგობები ხელოვნურად იყო შექმნილი, ამ შემთხვევაში საქართველოს ხალხებს შორის არსებული წინააღმდეგობები ხელოვნური ნამდვილად არ არის.
ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში რუსეთს მოუწევს თავისი პოლიტიკის უცბად და რადიკალურად შეცვლა, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, უარის თქმა მათთვის ეკონომიკურ დახმარებაზე და იქიდან სამხედრო ძალის გამოყვანა.
ასეთი გზა და შედეგები რეალურობისგან ძალიან შორს არის. ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთის მთავრობა აიძულო, ძირეულად შეცვალოს კურსი და დაუყოვნებლივ აღიაროს ტავისი შეცდომითობა ან რუსეთის ხელისუფლების სათავეში ისეთი ახალ ხელისუფლების მოსვლა, რომელიც წავა რუსულ საზოგადოებასა და ელიტაში უკიდურესად არაპოპულარული ზომების მიღებაზე ან ის, რომ რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირი, ისე დაიშლება.
ამ შემთხვევაში საქართველოს დიდი მოთმინებით მოუწევს ლოდინი იმისა, თუ როდის გაიმარჯვებს ის და "ბერლინი 1989" როდის განმეორდება კავკასიაში. თუმცა გასული 2,5 წლის განმავლობაში ყველამ კარგად დაინახა, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნებაში კარგი არაფერია. საქართველოს ვერც ელიტა და ვერც საზოგადოება ვერ შეძლებს ქვეყნის განვითარებით დაკავებას დაურეგულირებელი კონფლიქტების პირობებში. ყაზარმულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ განავითარებს ეკონომიკას და ვერ გაატარებს დემოკრატიულ გარდაქმნებს. დროთა განმავლობაში მან შეიძლება საერთაშორისო ზიზღიც მოიპოვოს, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს დასავლელი მეგობრები დაიღლებიან იმისგან, რომ საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებას კონფლიქტებისა და დავებისთვის გამოიყენებს და გამუდმებით იქნება კონფლიქტში რუსეთთან.
ანუ ეს პირველი სცენარია - საქართველო გახლეჩილი ბერლინის როლში. არის მზა რეცეპტი დაუსრულებელი კონფლიქტისა. ეს მივა იქამდე, რომ საქართველო დარჩება დაშლილი. აფხაზეთი და ოსეთი იქნებიან იზოლირებული, გაღატაკებული და მილიტალიზებული რუსეთის პროტექტორატები. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება კი დაუსრულებელი იქნება. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს წევრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხოლოდ მუდმივი საუბრებისა და ოცნებების თემა იქნება.
მეორე სცენარი გულისხმობს კონფლიქტის პროცესის ტრანსფორმირებას, რომლის დროსაც მოხდება მდგომარეობის განმუხტვა, ადამიანების დაახლოება, ნდობის გამყარება, სავაჭრო ურთიერთობების გამყარება და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა ნორმად იქცევა. ამ პროცესის წყალობით მხარეები არათუ შეწყვეტენ შუღლს ერთმანეთთან, არამედ მივლენ იმ ერთიან გაგებამდე, რომ წინსვლაა საჭირო. წლების ან ათწლეულების შემდეგ ეს პროცესი მივა კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან დარეგულირებამდე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის შედეგი გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხალხების შერიგება, კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითმმართველობის გარანტია იქნება, საქართველოდან უცხო ქვეყნის ჯარის გამოყვანა და ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სრული ნორმალიზება. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველო მიიღებს სავაჭრო კავშირების განვითარებას, ინვესტიციების ზრდას, რომლებიც ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებასთან ერთად მოვა. ამის შემდეგ საქართველო უფრო ჩქარი ტემპებით წავა ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობისკენ.
მეორე სცენარი აშკარად უპირატესია ამერიკის ნაციონალური ინტერესებისთვის, მთელ რიგ მიზეზთა გამო. პირველ რიგში, აშშ-მ თავის თავზე აიღო საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. თუკი ამერიკა ვერ იპოვის საშუალებას თავისი ამ მოვალეობების Eშესასრულებლად, დაზარალდება მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია. მეორე მიზეზი არის ის, რომ გახლეჩილი საქართველო არასტაბილური საქართველოა, რომელსაც ძალუძს მწვავე კონფლიქტების ახალი სერიის გამოწვევა ამ ისედაც არამყარ რეგიონში. მესამე მიზეზი არის ის, რომ არსებული მდგომარეობის შენარჩუნება სერიოზულ დაძაბულობას შექმნის მთელ საერთაშორისო სისტემაში და აშშ-ს სხვა მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში შეუშლის ხელს; მეოთხე: 1991 წლიდან აშშ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ მათი ძირითადი მიზანი რეგიონში არის პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების რეალიზაციის ხელის შეწყობა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში. ხოლო დაურეგულირებელი კონფლიქტები გახდება წინააღმდეგობა ასეთი გარდაქმნებისთვის როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.
მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებულისა, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, გაუცხადებელი ფორმით, უპირატესობა პირველ სცენარს ენიჭება. ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება მაშინ, თუკი თვალს გავადევნებთ ვაშინგტონიდან მომავალ განცხადებებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაკეთდა. ობამას ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ მოუხდენია თავისი პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად ამ რეგიონში კონფლიქტების ტრანსფორმაციის დასახელება. კულისებში აქტიური ძალისხმევა მიმდინარეობს იმისთვის, რომ მხარეებმა უარი თქვან პროვოკაციულ ხაზზე და არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით დაარეგულირონ. ასეთი მიდგომა არასრულყოფილია და იგი უნდა შეიცვალოს.
აშშ-ის მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. დღეს შექმნილია ომის შემდეგ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ აშშ საქართველოში არსებულ კონფლიქტებს უფრო ინიციატიურად მიუდგეს. შექმნილი სიტუაციიდან რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღებისთვის ობამას ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს მხარეებს, მიიღონ გეგმა, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში წინ წაწევის საშუალების მომცემი იქნება. ამ გეგმის მიხედვით, მთავარი უნდა გახდეს კონფლიქტების დაუშვებლობისა და ნდობის ამაღლების ღონისძიებები. ეს გეგმა სამი ურთიერთკავშირში მყოფი კომპონენტისგან შედგება. ეს კომპონენტებია: 1. რუსეთის ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ;. 2. საქართველოს, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ჰუმანიტარული პრობლემებს გადაჭრისა და ადამიანის უსაფრთხოების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. 3. რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც ხელს შეუწყობენ პროგრესის მიღწევას.
ამგვარი გეგმის მიღებით ყველა მხარეა დაინტერესებული. მისი რეალიზაციაც მხარეთა მიერ თავ-თავიანთი პოზიციების გადახედვას არ მოითხოვს არც ერთ საკითხთან მიმართებაში, რომლებშიც მათ უთანხმოება აქვთ.
გეგმაში ჩამოყალიბებული ზომები არის ასევე პირველი ნაბიჯი კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი დარეგულირების გზაზე - საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვრების ფარგლებში. შესაძლოა, ისინი ამ შედეგამდე საერთოდ არ მივიდნენ, მაგრამ მათ გარეშე შედეგის მიღწევა შუძლებელი იქნება.
ამ ზომების წარმატებულობის მისაღწევად ობამას ადმინისტრაციამ უახლოეს პერსპექტივაში ამერიკულ პოლიტიკაში ცვლილებები უნდა შეიტანოს და ძალისხმევის კონცენტრირება კონფლიქტების დარეგულირებაზე უნდა მოახდინოს. კერძოდ, ამერიკამ შემდეგი რამ უნდა გააკეთოს:
1. უნდა გამოვიდეს განცხადებების სერიით იმის შესახებ, რომ კონფლიქტების დარეგულირება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია ამ რეგიონში ამერიკული პოლიტიკის ინტერესების ცენტრში დევს; 2. განავითაროს იდეა იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე ყველა მხარემ განხორციელა მოქმედება, რომელმაც საბოლოო ჯამში საბრძოლო მოქმედებების დაწყება გამოიწვია და ამით უარი თქვას მხარეთა მიერ წამოყენებულ ვერსიებზე; 3. ხელი შეუწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს; 4. მინიმუმამდე მიიყვანოს უთანხმოებები პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც საერთაშორისო ფორუმებზე ისმის, ვინაიდან ეს ხელს უშლის კონფლიქტების დარეგულირებას; 5. შეიმუშაოს თანამიმდევრული პოლიტიკა თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხებში, რომელიც შეთანხმებული იქნება დარეგულირების პროცესთან; 6. აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან მომავალი ურთიერთობის ყველა ელემენტი ჩართოს კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიაში და იმავეს მიაღწიოს ევროკავშირისგან.
კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ასევე ჩართული უნდა იყოს ნაბიჯები, რომლებიც მანამდე უნდა განხორციელდეს, ვიდრე სხვა ზომების მიღება იქნება დღის წესრიგში. ეს ნაბიჯებია:
აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გადაადგილების სრული თავისუფლება და პირიქით, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იარაღის ტარების აკრძალვის ზონების შექმნა, იქ არსებული სამხედრო ძალის თანდათანობითი შემცირება, რომელიც მივა 2008 წლის აგვისტომდე არსებულ მდგომარეობამდე, რუსეთის მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნება და აფხაზეთში დევნილების დაბრუნებაზე მოლაპარაკებათა აქტივიზაცია. მისი პრაქტიკული რეალიზების მიზნით, სამხედრო დანაშაულების გამოძიება.