კატარის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, Qatar Energy-მ, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების ობიექტებზე ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა.
18 მარტს ირანმა რას ლაფანის სამრეწველო კომპლექსს დაარტყა, სადაც მსოფლიოში უდიდესი თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებია განთავსებული.
„Qatar Energy ადასტურებს, რომ 19 მარტის გამთენიისას, მისი ზოგიერთი ობიექტი… სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა, რამაც მნიშვნელოვანი ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული, დაშავებულები არ არიან.
ამასთან, კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ბუნებრივი აირის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
ირანში განაცხადეს, რომ ბოლო 12 საათში კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე განხორციელებული ორი იერიში ისრაელის მიერ სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე განხორციელებული დარტყმის პასუხი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა „ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაბრაზების გამო“ განახორციელა. მისი თქმით, დარტყმა შედარებით მცირე არეალს მიაყენეს და შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ამ თავდასხმის მომზადების შესახებ არაფერი იცოდნენ.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებს კვლავ დაესხმება თავს, შეერთებული შტატები ირანის სამხრეთ ფარსის გაზის ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს.