საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანის მიერ კატარის თხევადი გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და კატარის ამირას თამიმ ბინ ჰამად ალ თანის ესაუბრა.
„ახლახან ვესაუბრე კატარის ამირასა და პრეზიდენტ ტრამპს ირანსა და კატარში გაზის წარმოების ობიექტებზე დღევანდელი დარტყმების შემდეგ.
„ჩვენ საერთო ინტერესებშია, დაუყოვნებლივ დავაწესოთ მორატორიუმი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და წყლის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.
შეგახსენებთ, ბოლო 12 საათში ირანმა კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტს ორჯერ დაარტყა.
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ბუნებრივი აირის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
ირანში განაცხადეს, რომ ბოლო 12 საათში კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე განხორციელებული ორი იერიში ისრაელის მიერ სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე განხორციელებული დარტყმის პასუხი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა „ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაბრაზების გამო“ განახორციელა. მისი თქმით, დარტყმა შედარებით მცირე არეალს მიაყენეს და შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ამ თავდასხმის მომზადების შესახებ არაფერი იცოდნენ.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებს კვლავ დაესხმება თავს, შეერთებული შტატები ირანის სამხრეთ ფარსის გაზის ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს.