იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით, „იმედის“ და „პოსTV“-ის დასანქცირების იურიდიული შეფასება შეუძლებელია, რადგან ეს გადაწყვეტილება სრულიად გასულია ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან.
„კონკრეტული მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა რასაც აჩვენებს – როდესაც ასეთი უხეში ფორმით ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, ზოგადად, ინდივიდის უფლებებში, და მედიას კიდევ უფრო მეტი დაცვის გარანტია უნდა ჰქონდეს, სტრასბურგის პრაქტიკა აჩვენებს, რომ უშუალოდ გაერო-ს მიერ ტერორისტად გამოცხადებული პირების უფლებებში ჩარევაც კი ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული. ზუსტად ანალოგიური პრეცედენტი არ იძებნება და, ალბათ, ლოგიკურიც არის, რომ აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ გასჩენია სურვილი, რომ სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრილიყო და იქ იმ მედიის შეზღუდვის მცდელობა ჰქონოდა. ამიტომ პირდაპირი ანალოგია არ არის, მაგრამ ანალოგიად გამოდგება, როდესაც სახელმწიფოები ქვეყნის შიგნითვე ზღუდავდნენ მედიას და ეს პრეცედენტები საკმაოდ მრავლად არის, სანქციის არასწორად გამოყენების პრეცედენტებიც საკმაოდ მრავლად არის. სუფთა იურიდიული შეფასება რომ მივცეთ, ეს გადაწყვეტილება არის სრულიად გასული ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.