ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში ბრალებული დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე, ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ერთ ვიდეოში ფიგურირებს.
დაკავებული არასრულწლოვნის დედა აღნიშნავს, რომ დიდ დიღომში, სკვერში მომხდარი ჩხუბი "ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი" იყო.
"ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის, ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება. დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე.
იმ სკვერში [რომელიც ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში] იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ რაც დავინახე სკვერში გოგოები, ბიჭები და უამრავი ხალხი, სახე დაფარული ჰქონდა მე რაც დავინახე, მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი," - განუცხადა სოფო ძნელაძემ "ტვ პირველს".