აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტი უკვე ხორციელდება და აზერბაიჯანისთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის. ასევე ქვეყანას ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტური ექსპორტის საშუალებას მისცემს.
მისივე თქმით,აზერბაიჯანს შესაძლებლობები შეექმნება რიგ სფეროებში, მათ შორის წყალმომარაგების სექტორში.
ვენსის თქმით, TRIPP-ის პროექტი ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობის განმტკიცებას.
შეგახსენებთ, ჯეი დი ვენსი აზრტბაიჯანში სომხეთიდან დღეს ჩავიდა.
დღესვე აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოეწერა ხელი.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. დიდი მადლობა ტრამპის ადმინისტრაციას აზერბაიჯანისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებისთვის. ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
ამასთან, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც, ალიევის განცხადებით, „ძალიან პერსპექტიულია“.