აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. დიდი მადლობა ტრამპის ადმინისტრაციას აზერბაიჯანისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებისთვის. ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
ამასთან, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც, ალიევის განცხადებით, „ძალიან პერსპექტიულია“.