თუკი ევროკავშირს დღეს არაფერი ეკითხება მსოფლიოში, ოცნების ხელისუფლების ასეთი გავეშებული ანტიევროპეიზმი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ცოტა არ იყოს გაუგებარია, მაგრამ წმინდა ადამიანური სულმდაბლობის, ქაჯობის და უნახავმარანახა-ს პოზიციიდან ძალიანაც ბუნებრივია - ამის შესახებ პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, ხელისუფლება მადუროს პრეცედენტით მაინც ცოტა დამფრთხალი არიან, თუმც კი ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ.
"როგორც იქნა ვეღირსეთ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური კომენტარს ამერიკის სპეცოპერაციაზე ვენესუელაში. ეს საპატიო მისია ანტიევროპული გზავნილების მთავარ ფოსტალიონს, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს ანდეს.
რამდენადაც ანტიევროპულ პროპაგანდას პრინციპულად არ ვაზიარებ მისი ტექსტის ციტირებისგან შეგნებულად ვიკავებ თავს და მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლები. თავად პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ვისაც აინტერესებს, ისედაც ნახავს. რა და საინფორმაციო საშუალებების დეფიციტი ხელისუფლებას ნამდვილად არა აქვს.
ცოტა ვრცელი ტექსტი გამოვა ასე, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სხვანაირად არ გამოდის.
მაშ ასე: რა შევიტყეთ ბატონ პაპუაშვილისგან?
1. "ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს, ის საქართველოს მეგობარი ვერ იქნება.'
პრინციპში ამით გამოხატულია დამოკიდებულება მადუროს რეჟიმის მიმართ. თავისთავად სწორი მიდგომაა, თუმცა თავად ტექსტში ეს მიდგომა არაა გახსნილი. არადა ამავე რიგში ხვდება რუსეთიც, რაც აშკარად საყურადღებოა.
2. " მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი აღარ არსებობს."
ეს ვიცით. მაინც არსებობსო, არც არავინ ამტკიცებს. მერე რას ვშვრებით, ისაა მთავარი.
3. "ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებით."
კი ბატონო, ბაზარი არაა, ოღონდ პრობლემა ისაა, სახელმწიფოს ინტერესებად ვინ რას მიიჩნევს. პაპუაშვილი რომ "ქვეყანას" და "სახელმწიფოს" ამბობს, იქ რეალურად ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება.
4. ევროკავშირს ახალ მსოფლიო წესრიგში არავინ არაფერს ეკითხება და მას არც არაფრის თავი არა აქვს. ბრიუსელის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მტრული, რადგან ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ და არ ვართ უკრაინასავით ევრობიუროკრატიის მარიონეტები.
რეალურად ესაა მთავარი თეზისი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს კვლავ გააგრძელოს ევროპასთან კონფრონტაციის პოლიტიკა. ევროკავშირი გამოცხადებულია მთავარ მტრად და საფრთხობელად. მე რომ მკითხო, ეს იმდენად ბოროტებით არ მოსდით, რამდენადაც უმეცრებასთან შერწყმული სიშლეგით, მაგრამ ყველა შემთხვევაში მავნებლობა და ეროვნული ინტერესების ღალატია.
თუკი ევროკავშირს დღეს არაფერი ეკითხება მსოფლიოში, ოცნების ხელისუფლების ასეთი გავეშებული ანტიევროპეიზმი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ცოტა არ იყოს გაუგებარია, მაგრამ წმინდა ადამიანური სულმდაბლობის, ქაჯობის და უნახავმარანახა-ს პოზიციიდან ძალიანაც ბუნებრივია - იპოვეს თავიანთი ჭკუით დაბალი ღობე, რომელთანაც თან ღრმა ღირებულებითი კონფლიქტი აქვთ და ყველას ჯავრს მასზე იყრიან.
5. ამავე ოპერიდანაა ხელისუფლების ოპონენტების "უსამშობლო მრუდე ქართველებად" მოხსენიება და მათი შედარება ყორღანაშვილებთან და ირჯონიკიძეებთან. ოპონენტების დეჰუმანიზაციის მცდელობა იმ ვითარებაში , როდესაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (ჩემი აზრით, უმრავლესობაც) ხელისუფლების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, პოლიტიკურად არასწორია. ნებისმიერი ხელისუფლება ამ ვითარებაში მანევრირებას და კომპრომისების ძიებას დაიწყებდა, მაგრამ მაგრამ აქ ისევ უმეცრებასთან შერწყმული სიშლეგესთან გვაქვს საქმე, როდესაც ოცნების ხელისუფლება ცდილობს დაიჯეროს და ჩვენც დაგვაჯეროს, რომ მისი მოწინააღმდე მხოლოდ ევრობიუროკრატიის მიერ დახელფასებული ოცდაათი აკაცუკია.
6. და ბოლოს, პირადად ჩემს აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვენესუელას ამბებს კარგა მოზრდილი ტექსტი უძღვნა ხელისუფლებამ ისე, რომ არცერთხელ არ ახსენა ამერიკის შეერთებული შტატები. ამას ხომ უნდა მოხერხება? მეორეს მხრივ კი ეს იმაზეც მიგვანიშნებს, რომ მადუროს პრეცედენტით მაინც ცოტა დამფრთხალი არიან, თუმც კი ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ..
P. S სხვათა შორის, არც დიფსთეითი არაა არცერთხელ ნახსენები", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:„ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა“.