აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ სამი დაშავდა აზოვის ზღვაში მდებარე ორ უცხოურ სატვირთო გემზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საუბარია 5 ივნისის ღამით ტაგანროგის ყურეში (აზოვის ზღვა) სატვირთო გემებზე - Natra-სა და Zirkon-ზე განხორციელებულ შეტევაზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
ჰაჯიზადემ აღნიშნა, რომ ორივე გემზე აზერბაიჯანის სულ 25 მოქალაქე იმყოფებოდა.
მისივე განცხადებით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნოდა.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსული მხარის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ სამი კი დაშავდა. დაშავებულები ქალაქ ეისკის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ჰაჯიზადემ.
რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში, აზოვის ზღვაში მდებარე ტაგანროგის ყურეში ტანკერზე და კიდევ ორ სატვირთო გემზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ 5 ივნისს დღისით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მარიუპოლის და ბერდიანსკის პორტებსა და მიმდებარე წყლებში დაარტყეს ხუთ სატვირთო გემს, რომლებსაც უკანონოდ იყენებდნენ მოპარული უკრაინული ხორბლის, სამხედრო ტვირთების და საწვავის გადასატანად.