„თავისუფლება იწყება განათლებით“ - ამ ლოზუნგით თბილისში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, ისინი მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
მსვლელობისას ისინი სკანდირებენ: „ძირს განათლების რეფორმა“.
აქციის მონაწილეების თქმით, დაგეგმილი ცვლილებები განათლებას პრივილეგიად აქცევს და არა საყოველთაო უფლებად. სტუდენტები ამბობენ, რომ ახალი რეფორმა ზღუდავს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სისტემას ისე ცვლის, რომ სწავლა დამოკიდებული ხდება ფინანსურ და სხვა შესაძლებლობებზე და არა ცოდნაზე და აკადემიურ უნარებზე.
ბოლო დროს მიღებულ კანონში ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავთ რეალურად. ამ კანონის შედეგად სტუდენტები ვეღარ შეძლებენ, აირჩიონ კერძო უნივერსიტეტები, იმიტომ, რომ კერძო უნივერსიტეტებში სწავლა, მოგეხსენებათ, სიედაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და გრანტის გარეშე ეს კიდევ უფრო გართულდება. შესაბამისად, ახალგაზრდებს მოუწევთ, ჩააბარონ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თავი რომ დავანებოთ იმას, კონკურენცია როგორ გაიზრდება და რა შედეგებს მოიტანს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც თავისუფლების ხარისხი ისედაც ძალიან დაბალია და კარგად ვიცით ფაქტები, როცა სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან თუნდაც ლექტორების მხრიდან, მთავრობის ინტერესის გამტარი იქნება. ეს ძალიან დააზიანებს სოციუმს, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 10 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება.
კერძოდ, საგრანტო დაფინანსება უქმდება. კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, ახალი კანონით, მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად სახელმწიფო - მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესის და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.
ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დამტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.
ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.